logo
ENG



ღარიბაშვილი იმპიჩმენტის ინიციატივას "აბსოლუტურად გამართლებულს" უწოდებს

04 სექ 202314:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/04/9t6jkszkjk9rc29.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყებაზე საუბრობს და მმართველი გუნდის "არგუმენტაციას" განმარტავს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს", სხვა "მტკიცებულება" არ სჭირდებათ, რომ "სანდოობა" დაიკარგოს - ამასთან, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილებას პრემიერმა "აბსოლუტურად გამართლებული" უწოდა.

"მან, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს - საგარეო, საშინაო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას, პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს და განახორციელოს.

მე ერთი თვის წინ, დაახლოებით, გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩემი არგუმენტაცია, ჩვენი არგუმენტაცია კიდევ ერთხელ მოვიყვანო - თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას და ასევე, მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამის შემდეგ, ამას ადამიანი რომ მოისმენს, არა მხოლოდ მთავრობის მეთაური, მინისტრები და პარლამენტის წევრები, მმართველი გუნდის წევრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩვენ სხვა, მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, გარდა იმისა, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, უფრო მეტსაც ვიტყოდი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება.

სამწუხაროა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს, დემონსტრაციულად - ამ დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, ზოგადად, როგორც მთავარი კანონის დამცველები, ზოგადად, კანონის დამცველები ჩვენ უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, "ფარისევლობა და შეურაცხმყოფელია" ის, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არ მოჰყოლია კრიტიკა, შეშფოთება ან პროტესტი.

"აქვე მინდა, ჩვენ საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო - თუ გახსენდებათ რომელიმეს, მას შემდეგ, რაც მოისმინეთ პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, ვინმეს შეშფოთება, ვინმეს აღშფოთება, ვინმეს კრიტიკა ან რაიმე პროტესტი?

ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის არის, მეგობრებო, ძალიან მარტივად ასახსნელი ფარისევლობა, ეს არის ტყუილი, ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, აი, ასეთი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისთვის და ასეთი ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში

[...] ბოლოს მინდა შევახსენო, რომ არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი არის ექსკლუზიურად ქართული ოცნების დამსახურება", - თქვა მან.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. 31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა